• თბილისი 02:46
  • ბაქო02:46
  • ნიუ-იორკი17:46

ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობის ცენტრი

სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ გთავაზობთ სრულ ენდოკრინოლოგიურ მომსახურეობას. აჭიროებისამებრ დაგენიშნებათ მკურნალობა, რომელიც იქნება მორგებული ინდივიდუალურად და იქნებით ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.  ჩვენი სპეციალისტების გამოცდილებაზე დაყრდნობით და ბოლო თაობის აპარატურის გამოყენებით, მიიღებთ გამოჯანმრთელების მაქსიმალურად დადებით შედეგს.

 

სამედიცინო ცენტრ ვივამედში თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი სახის კვლევები: 

 

> ელასტოგრაფია საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში

> ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია; 

> ჰორმონალური კვლევა;  

> დამიზნებითი პუნქციური ბიოფსია ციტოლოგიური კვლევის პასუხით იმავე დღეს; 

> ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; 

> ქირურგიული მკურნალობა; 
 

 

 

ტერმინი ჩიყვი კონკრეტულ დაავადებას არ გულისხმობს. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის - კისრის წინა ზედაპირთან მდებარე პეპლის ფორმის პატარა ენდოკრინული ორგანოს - გადიდება. ჩიყვი უმთავრესად ქალებსა და ასაკოვან პირებს შორის გვხვდება. დისკომფორტს იშვიათად იწვევს, თუმცა ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას გამორიცხული არ არის, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებამ იჩინოს თავი.  

 

რატომ დიდდება ფარისებრი ჯირკვალი?

 

არსებობს მრავალი შესაძლო მიზეზი. მას ზოგადად იოდის ნაკლებობას უკავშირებენ. სამწუხაროდ, ეს ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში დღესაც აქტუალურია. იოდის დეფიციტის პირობებში ფარისებრი ჯირკვალი კარგავს ჰორმონების საკმარისი ოდენობით გამომუშავებისა და სისხლში გადასროლის უნარს.

 

როგორ ვლინდება ჩიყვი?

 

> ჩიყვის ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდებისას აღინიშნება:

> გამობერილობა კისრის არეში;

> ყელში ზეწოლის შეგრძნება;

> ხველა;

> ყლაპვის გაძნელება;

> სუნთქვის გაძნელება;

> იმ დაავადების ნიშნები, რომელიც ჩიყვის მიზეზად იქცა.

 

 

ამ სიმპტომების უმეტესობა ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას ვლინდება. სხვა შემთხვევებში ყურადღებას მხოლოდ კისრის არის უმნიშვნელო ცვლილება იპყრობს. 

 

როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი?

 

ფარისებრი ჯირკვალი ორ ძირითად ჰორმონს - თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს გამოიმუშავებს. ისინი სისხლში ცირკულირებენ და ჩვენი სხეულის მეტაბოლიზმს არეგულირებენ: გავლენას ახდენენ ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაზე, ცილების წარმოქმნაზე, მონაწილეობენ სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში, განსაზღვრავენ გულისცემის სიხშირეს. გარდა ამ ჰორმონებისა, ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს კალციტონინს, რომელიც კალციუმის ცვლის რეგულაციაში მონაწილეობს. 

 

ამ მნიშვნელოვან ფუნქციებს ფარისებრი ჯირკვალი დამოუკიდებლად ვერ ასრულებს. ჰიპოთალამუსის ზეგავლენით ჰიპოფიზში გამომუშავდება თირეოიდმასტიმულებელი ანუ თირეოტროპული ჰორმონი, რომლის ზემოქმედებითაც ფარისებრი ჯირკვალი თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს წარმოქმნის.

 

ჰორმონების შემცველობა ჩიყვის დროს:

 

ფარისებრი ჯირკვლის გადიდება იმას არ ნიშნავს, რომ ჯირკვალში ჰორმონების პროდუქცია უთუოდ დაქვეითებული ან მომატებულია. ჩიყვის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობა შეიძლება იყოს ნორმაზე ნაკლებიც, ნორმალურიც და ნორმაზე მეტიც.

 

ჩიყვის სახეები:

 

როდესაც გადიდებული ჯირკვალი ერთგვაროვანია, დიფუზური ჩიყვის შესახებ ლაპარაკობენ. როცა ფარისებრი ჯირკვალი კვანძების არსებობის გამოა გადიდებული, ჩიყვი კვანძოვანია.

 

ჩიყვის მიზეზები:

 

ჩიყვის ერთ-ერთი მიზეზი იოდის დეფიციტია. როგორც აღვნიშნეთ, ამ დროს ჯირკვალი თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს საკმარისი რაოდენობით ვერ წარმოქმნის, რაც თირეოტროპული ჰორმონის ჭარბი სეკრეციისა და, შესაბამისად, ფარისებრი ჯირკვლის გადიდების მიზეზად იქცევა. გარდა იოდის დეფიციტისა, არსებობს მრავალი პათოლოგია, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას იწვევს. ისინი კლინიკური ნიშნებით, დაავადების მიმდინარეობით თუ პროგნოზით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

 

მრავალკვანძოვანი ჩიყვი:

 

მრავალკვანძოვან ანუ მულტინოდულურ ჩიყვს ფარისებრი ჯირკვლის ორივე მხარეს მრავლობითი კვანძის წარმოქმნა ახასიათებს, რაც ჯირკვლის გადიდებას იწვევს. ჯირკვლის ფუნქცია შესაძლოა დაქვეითებული, ნორმალური ან მომატებული იყოს.

 

სხვა ფაქტორები:

 

ფარისებრი ჯირკვალი შესაძლოა გადიდდეს ერთეული კვანძის არსებობისასაც, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, ორსულობის ან ფარისებრი ჯირკვლის ანთების დროს. ერთეული ანუ სოლიტარული კვანძი შეიძლება ჯირკვლის ნებისმიერ ნაწილში აღმოცენდეს. ასეთი კვანძების უმეტესობა კეთილთვისებიანია და სიმსივნურ გადაგვარებას არ განიცდის. ფარისებრი ჯირკვლის კიბო უფრო იშვიათია, ვიდრე კეთილთვისებიანი კვანძები. ის ჯირკვლის ცალმხრივი გადიდების მიზეზია. 

 

ორსულობისას წარმოქმნილი ჰორმონი, ქორიონული გონადოტროპინი, შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის უმნიშვნელო დიფუზური გადიდების მიზეზი იყოს.

 

ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება სხვადასხვა ტიპის თირეოიდიტის ანუ ფარისებრი ჯირკვლის ანთების შედეგია. მის ზოგიერთ ფორმას ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის არეში ლოკალიზებული ტკივილი, რომელიც ყლაპვის ან ზეწოლისას ძლიერდება. თითოეული მათგანის შემთხვევაში განსხვავებულია ჯირკვლის ფუნქციაც - ის ზოგჯერ მომატებულია, ზოგჯერ კი დაქვეითებული.

 

 

როდის მივმართოთ ექიმს?

 

თუ ამჩნევთ, რომ ფარისებრი ხრტილის საპროექციო არეში კისრის კონფიგურაცია შეიცვალა, მიმართეთ ექიმს. სავარაუდოდ, მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის გადიდება უნდა იყოს. ექიმი განსაზღვრავს ჯირკვლის გადიდების ხარისხს, კვანძის არსებობა-არარსებობას და შეარჩევს დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელ გამოკვლევებს. 

 

ჰორმონული კვლევა:

 

გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ აქტივობაზე მსჯელობის მიზნით იკვლევენ სისხლში ფარისებრი ჯირკვლისა და ჰიპოფიზის ჰორმონების - თიროქსინის და ტრიიოდთირონინის, თირეოტროპული ჰორმონის შემცველობას. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას მისი ჰორმონების შემცველობა დაბალია, ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული თირეოტროპული ჰორმონისა კი - მომატებული. ჰიპერთირეოზის დროს, პირიქით, თირეოტროპული ჰორმონის შემცველობა დაქვეითებულია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა კი მომატებული. 

 

ანტისხეულების განსაზღვრა:

 

რაკი ზოგ შემთხვევაში ჩიყვი ანომალიური ანტისხეულების არსებობით არის გამოწვეული, სისხლში მათი აღმოჩენა ფარისებრი ჯირკვლის გადიდების მიზეზების დაზუსტებაში გვეხმარება.  

 

ექოსკოპიური კვლევა:

 

ექოსკოპიის მეშვეობით შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ ჯირკვლის ზომები და მასში კვანძის არსებობა-არარსებობა.

 

 

ფარისებრი ჯირკვლის სკანირება:

 

სკანირებისას სისხლში შეჰყავთ რადიაქტიური ნივთიერება, რომელიც ფარისებრ ჯირკვალში გროვდება, სპეციალური ხელსაწყო კი დაგროვილი პრეპარატის რადიაქტივობის აღრიცხვის მეშვეობით ფარისებრი ჯირკვლის გამოსახულებას გვაძლევს. ამ კვლევის მეშვეობით მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ ჯირკვლის გადიდების მიზეზისა და მისი ფუნქციური მდგომარეობის შესახებ. სიტყვა "რადიაქტიურმა" არ შეგაშინოთ. კვლევისათვის პრეპარატის იმდენად მცირე დოზა გამოიყენება, რომ დასხივების არავითარი რისკი არ არსებობს.

 

ფარისებრი ჯირკვლის პუნქციური ბიოფსია:

 

ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილში ნებისმიერი ზომის კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოზის დადგენის მიზნით, აუცილებელა თითოეული კვანძიდან მოხდეს ბიოფსიური მასალის აღება და მისი ციტოლოგიური კვლევა. ციტოლოგიური ანალიზი იძლევა მკურნალობის ტაქტიკის არჩევის საშუალებას, კერძოდ, დაკვირვების, გეგმიური ოპერაციული ჩარევის ან უახლოეს დროში ოპერაციული ჩარევის.ფარისებრი ჯირკვლის პუნქციური ბიოფსია კეთდება ამბულატორიულ პირობებში ექოსკოპიის კონტროლის ქვეშ.

 

 

მკურნალობის პრინციპები:

 

ჩიყვის დროს მკურნალობის ტაქტიკა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათგან აღსანიშნავია პუნქციური ბიოფსიის დიაგნოზი, ჯირკვლის ზომა, პაციენტის ჩივილები, ფარისებრი ჯირკვლის გადიდების გამომწვევი დაავადება. მათი გათვალისწინებით ექიმმა შეიძლება გირჩიოთ:

 

> დაკვირვება

> კონსერვატიული მკურნალობა

> ოპერაციული მკურნალობა – ფარისებრი ჯირკვლის ან მისი ნაწილის მოკვეთა –ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია ასევე ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში.

> რადიაქტიური იოდი – იწვევს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების დესტრუქციას (დაშლას).

> კვანძის სკლეროდესტრუქცია (კვანძის კეთილთვისებიანობის შემთხვევაში) - კვანძის მკურნალობა ოპერაციის გარეშე, მასკლეროზირებელი მასალის გამოყენებით.

> კვანძის (კვანძის კეთილთვისებიანობის შემთხვევაში) ლაზერული დესტრუქცია - 3-6 თვის განმავლობაში 90%-მდე დადებით ეფექტს იძლევა.

 

ამრიგად, ჩიყვი ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება შესაძლოა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დაავადებების სიმპტომი იყოს, მიზეზის დაზუსტება კი მხოლოდ ენდოკრინოლოგს შეუძლია. ასე რომ, თუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება შეამჩნიეთ, დროულად მიმართეთ სპეციალისტს.   

 

ექიმები

© სამედიცინო ცენტრი "ვივამედი". ყველა უფლება დაცულია.